კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" მიკროავტობუსებში დასამონტაჟებელი კამერების შესარჩევად ტენდერი გამოაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ასანიძემ განუცხადა, მათ წინადადებას რამდენიმე კომპანია გამოეხმაურა. ტენდერი, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც მიკროავტობუსებში ვიდეოკამერების დამონტაჟება ეტაპობრივად დაიწყება და სექტემბრისთვის დასრულდება.
ასანიძის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დასამონტაჟებელი კამერების ფასისა და ხარისხის მიხედვით შეირჩევა. ასევე, იმის მიხედვით, რამდენად კომფორტული იქნება კამერები მგზავრთა გადაადგილებისთვის.
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსებში კამერების დამონტაჟება მძღოლების შემოსავლის გაკონტროლებას და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას შეუწყობს ხელს. ვიდეოკამერების მეშვეობით მიკროავტობუსში მგზავრთა რაოდენობას დაითვლიან, რომლის მიხედვითაც მძღოლებს კომპანიაში შესატანი ყოველდღიური თანხა განესაზღვრებათ. ამჟამად ეს თანხა ხაზების მიხედვით დიფერენცირებულია.