პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში გატარებული რეფორმების თვალსაზრისით ბევრ საკითხზე თავადაც არ არის კმაყოფილი.
ამის შესახებ ივანიშვილმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენციაზე "100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" განაცხადა.
"ყოფილი მთავრობის კრიტიკას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა, მოკლე ექსკურსი გავაკეთო იმ მემკვიდრეობაზე, რაც ჩვენ დაგვხვდა. კითხვები, რომლებიც ჩვენი მისამართით ისმის, გასაგებია, თუმცა სამი თვის მანძილზე რთული იყო, რომ ყველა პრობლემა გადაგვეჭრა, ბევრ საკითხზე მეც არ ვარ კმაყოფილი, უნდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის დღიდან აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დარღვეული იყო. პარლამენტმა დაკარგა თავისი უფლებები და პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებების წყალობით ის გახდა დიქტატორი. ის, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამეტისთვის უფლებების დაბრუნებაზე ვაჭრობას ბედავენ, გასაოცარია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეთანხმება ბევრ შემთხვევაში, თუმცა პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის გადასაჭრელად 3 თვე საკმარისი არ იყო.