დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის

დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის "გამარტივებული წარმოების" პრეზენტაცია გაიმართება

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის "გამარტივებული წარმოების" პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც "პირWელს" აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები არიან მიწვეული.

"აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების მომსახურება 22 მაისიდან მოქმედებს. ახალი სერვისი რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს მხარეებს ვადამოსული ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ. წარმოების ეს ფორმა თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს, რომელზეც ვალის დამადასტურებელი ცხადი მტკიცებულება არსებობს, კერძოდ, ხელშეკრულება, ხელწერილი ან შედარების აქტი და რომელიც არ უკავშირდება რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებას", - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

მისივე ინფორმაციით, აქამდე ამ ტიპის მომსახურებას საქართველოს სასამართლოები, ამჟამად კი მოცემულ მომსახურებას სახეცვლილი ფორმით აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს.

"გამარტივებული წარმოების მომსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული. როგორც კვლევებმა აჩვენეს, სააღსრულებო დაწესებულებები მოცემული ტიპის დავების მენეჯმენტს უკეთესად ახორციელებენ. ახალი სერვისის დანერგვისას აღსრულების ეროვნული ბიურო შვედური და ფრანგული გამოცდილებებისა და საქართველოს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა", - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.