საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით საუბარია ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის საშემოსავლო და საგადასახადო სივრცეში ინტეგრაციის შესახებ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი გადაწყვეტილების განხორციელება სავალალო უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის შეტანის ძალისხმევის ფონზე, რომელსაც უკანასკნელ ხანებში ორივე მხარე ახორციელებდა.
"ამგვარი გადაწყვეტილება ასევე განამტკიცებს საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე",-ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყებისვე ინფორმაციით, გუშინ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის საშემოსავლო და საგადასახადო სისტემაში ინტეგრაცია განიხილეს რუსეთის ფედერალური ხაზინის უფროსის მოადგილემ, სტანისლავ პროკოფიევმა და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრმა სერგეი ტაკოევმა. ამავე ინფორმაციით, პროკოფიევმა და ჩრდილო ოსეთის ხაზინის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, დაეხმარონ ცხინვალის რეგიონს სახაზინო დაწესებულების ჩამო ყალიბებაში.