სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიერ მთავრობის 100 დღის საქმიანობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მთავრობის სხვა წევრები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებიან.
როგორც ჟურნალისტებს ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ნინო ლომჯარიამ განუცხადა, საუბარი უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება.
"საერთო ჯამში პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს გასული სამი თვის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, თუმცა არის ხარვეზები და საჭიროა მეტი რიგი რეფორმების გატარება. სწორედ ამაზე გვექნება საუბარი და მთავრობას გავაცნობთ ჩვენს რეკომენდაციებს", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, ის ხარვეზებს შორის თვითმმართველობებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას, საჯარო სამსახურებიდან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის გათავისუფლებას და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას ასახელებს.