პარლამენტში ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაა დაგეგმილი. იურიდიული კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამირების შეზღუდვას უკავშირდება. კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი კობა დავითაშვილია და, შესაბამისად, იგი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება.
კანონპროექტით აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) რეკლამირებაზე შეზღუდვა წესდება.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში, ასევე "რეკლამის შესახებ" და "მაუწყებლის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის მიღების მიზანია, აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა, მათ შორის საინფორმაციო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
კანონპროექტი აწესებს შეზღუდვას აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) საჯაროდ რეკლამირებაზე და აწესებს ფულად ჯარიმას უკანონო რეკლამირებისთვის ეკონომიკური აგენტის მასშტაბების შესაბამისად.
კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. ჯარიმის დაკისრება კი ეკონომიკურ აგენტს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.