"ნაციონალური მოძრაობის" წევრის შოთა მალაშხიას შეფასებით, "პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური თვალსაზრისით სრული კრახი იყო".
ამის შესახებ მალაშხიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
"პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს იყო სრული კრახი, რადგან ეს იყო "გადაგდების" პოლიტიკა. ის საზღვარგარეთ ვიზიტის დროს ერთს ეუბნება ჩვენს მეგობრებს და მეორეს აკეთებს ჩამოსვლის შემდეგ. ასეთი იყო ბაქოში ჩასვლის წინ, ასეთი იყო აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები თურქეთში ვიზიტის დროს და ა.შ. ეს შეიძლება, გამოსადეგი იყო რუსი ოლიგარქისთვის ფულის საშოვნელად, მაგრამ ეს დამღუპველია საქართველოს მომავალი კურსისთვის", - განაცხადა მალაშხიამ.