"ქართული ოცნების" წალკის ორგანიზაციის შტაბის უფროსმა და სოფლების კოორდინატორებმა დღეს წალკაში საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც "ქართული ოცნების" წალკის შტაბის უფროსმა თამაზ შავაძემ განაცხადა, "ქართული ოცნების" გუშინდელ ყრილობას წალკიდან ყოფილი "ნაციონალები" ესწრებოდნენ, ხოლო იმ წევრებს, ვინც ადგილობრივი ორგანიზაციის დაფუძნების პირველივე დღიდან არიან პარტიის წევრები და ამ ხნის განმავლობაში იბრძოდნენ, ყრილობაზე დასწრების უფლება არ მიეცათ.
დღევანდელი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვდნენ, არ დაუშვას წალკის გამგებლად და ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ყოფილი "ნაციონალების" მოსვლა. მათი თქმით, ეს ის ხალხია, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნების" წალკის ორგანიზაციის წევრებს სდევნიდნენ.
აქციის მონაწილეები სამართლიანობის აღსადგენად სწორი საკადრო პოლიტიკის გატარებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ წალკაში სიტუაცია არ შეიცვლება, შესაძლოა ამას ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოჰყვეს.