სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარი თავის შეცნობისა და სიმართლის სიყვარულის აუცილებლობაზე იქადაგა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელი პროცესია და ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, საკუთარი თავის შეცნობაა.
პატრიარქის თქმით, ადამიანი წავიდა კოსმოსში, შეისწავლა ბუნება, გადადგა დიდი ნაბიჯები მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, თითქმის ვერაფერი გააკეთა საკუთარი თავის შეცნობაში.
"ძველი ფილოსოფოსები ამბობდნენ - "შეიცან თავი შენი". როცა ჩვენს თავს ვუყურებთ, თითქოს უფრო შორს მიდის ჩვენგან, იმის მაგივრად, რომ დრო გადის, წლები გვემატება და უკეთ ვიცნობდეთ ერთმანეთს და, მათ შორის, საკუთარ თავს, თუმცა, ადამიანი უფრო სუსტდება და ნაკლებად ფიქრობს თავის შეცნობაზე", - ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ დღევანდელ ქადაგებაში ხაზი გაუსვა სიმართლის სიყვარულის მნიშვნელობას. "ბიბლიაში ვკითხულობთ "შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება". ამის თქმა იოლია, თუმცა, შესრულება ძალიან მძიმეა. ადამიანი ვერ გაიგებს, სად არის სიმართლე. შეიძლება გვერდით იყოს და ეძებდე შორს. მხოლოდ უფალს შეუძლია გახსნას ჩვენი გონება და შევიყვაროთ სიმართლე. უზენაესი სიმართლეა უფალი. უნდა შევიყვაროთ უფალი და მოყვასი და მოვიძულოთ ურჯულოება. ხშირია, როდესაც ურჯულოებას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ კარგს ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს გონება და ვთხოვოთ უფალს, რომ ფიზიკური გონების გარდა მოგვცეს დიდი სულიერი გონება. ეს თუ გვექნება, აღარ ჩავიდენთ იმ შეცდომებს, რასაც ვაკეთებდით", - აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ჯარისკაცები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი დალოცა და ისურვა, რომ საქართველოს არც ჯარის და არც პოლიციის გამოყენება არ დასჭირდეს. პატრიარქმა დღესვე დალოცა გვარები: თავაძეები, ქსოვრელები, დავითაძეები, თაფლაძეები, კოპალეიშვილები, გელენავები, შიოშვილები და ჩხიტუნიძეები.