ბრალდებული, რომელიც მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ნაფიცი მსაჯულების აცილებაზე იშუამდგომლებს , ვალდებული ხდება, ამგვარი შუამდგომლობის ობიექტური საფუძვლები დაასაბუთოს. ამასთან, ბრალდებულის შუამდგომობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების პროცესში პროკურორიც ჩაერთვება.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით მომზადდა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
მოქმედი ნორმით, როცა წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ნაფიცი მსაჯულების აცილებასთან დაკავშირებით დღეს კანონი ამბობს, რომ თუ დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებითა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილავს.
სწორედ ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს კანონის შესაბამის მუხლში დამატებითი პროცედურების ჩადებას სთავაზობს და გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის თანახმადაც, ასეთი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ბრალდებულმა უნდა დაასაბუთოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას და უარი მის თავისუფალ ნებას გამოხატავს. პროექტით, შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები განუმარტოს. ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ თუკი ბრალდებული კვლავ საკუთარ შუამდგომლობას დაუჭერს მხარს, პროკურორი შუამდგომლობას ეთანხმება, საქმის განმხილველი მოსამართლე კი მას აკმაყოფილებს და იღებს განჩინებას, საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვის შესახებ. ამავე პროექტის თანახმად, თუკი პროკურორი ბრალდებულის შუამდგომლობას არ დაეთანხმება, მოსამართლე განჩინებით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის და საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს.
ასევე "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" 226-ე მუხლის I ნაწილიდან ამოდის ჩანაწერი, რომელიც სასამართლო პროცესების ნაფიცი მსაჯულების გარეშე წარმართვას დასაშვებს ხდის, თუკი დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, საფრთხე შესაძლოა შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა.
პარლამენტმა იანვარში, რიგგარეშე სხდომების ფორმატში, დაჩქარებული წესით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სფერო გახდა. კოდექსში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების და მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენი პირების საქმეები განიხილება. ამავე ცვლილებების ფარგლებში სასამართლო პროცესები აუდიო და ვიდეო გადაღებებისთვის გაიხსნა, რაც თავის მხრივ საკუთრივ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსაც ეხება.
მთავრობის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ მალავენ, რომ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ეს ცვლილებები იმ სასამართლო პროცესებს უკავშირდება, სადაც ბრალდებულის სტატუსით წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები გამოვლენ.