"თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკოლოზ ხაჩირაშვილის მესამედ დაკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე დასრულდა .
ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ ხაჩირაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას კითხვები მასთან იგივე საქმეზე გააჩნდა, რაზეც ორჯერ უკვე მისცა ჩვენება. როგორც ხაჩირაშვილმა აღნიშნა "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს ის კიდევ ერთხელ უხდის მადლობას გაწეული სამუშაოსთვის.
"მინდა იმ ადამიანებს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ პროგრამაში. ჩვენ თუ კიდევ მოგვეცემა საშუალება დავასაქმებთ საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს. ქალაქი დღეს თუ არის შეცვლილი, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა. ამ ადამიანებს დიდი წვლილი მიუძღვით თითოეული უბნის პრობლემების მოგვარებაში", - განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.
ხაჩირაშვილი "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ უკვე დაკითხა, დღეს კი იგი მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში მესამედ იყო დაბარებული. ამასთან, როგორც ხაჩირაშვილმა განმარტა, თუკი გამოძიებას მათთან შეკითხვები კიდევ ექნება, მზად არის მასთან ითანამშრომლოს.