საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. დეპუტატის ყურადღება ივანიშვილის მიერ საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებულმა განცხადებებმა მიიპყრო.
"როდესაც თქვა, რომ 100 დღე იყო ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკის მიხედვით, ვერაფრით დავეთანხმები. ამ პერიოდში ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯებს ვხედავდით საგარეო პოლიტიკაში. რაშია წარმატება, ვერ გავიგე. ჯერ იყო ლაპარაკი რკინიგზის გახნაზე, მერე ითქვა, რომ ეს საკითხი აღარ დგას. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ სომხური საგარეო პოლიტიკა არის მისაბაძი საქართველოსთვის და მერე კეთდებოდა კომენტარები, რომ ეს თურმე არასწორად იქნა გაგებული. იყო საუბარი იმაზე, რომ ყარსი- ახალქალაქის რკინიგზა საეჭვოა, მაგრამ მერე იყო ნათქვამი, რომ არ არის საეჭვო. მე მგონია, რომ ასე მეზობლებს გაუგებრობაში ვაგდებთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი პრემიერის იმ განცხადებასაც აფასებს, რომლის მიხედვით დაირღვევა ტრადიცია, როდესაც არ არსებობდა ზღვარი მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის. დარჩიაშვილის განმარტებით, მსგავსი დეკლარაციული განცხადებები საქმით უნდა მტკიცდებოდეს.
"მე ვხედავ ამ ზღვარის აღრევას, იგივე ბატონი ღარიბაშვილის ქმედებებში, როდესაც საჯარო სივრცეში წესრიგის დაცვის ნაცვლად, იგი საუბრობს ოპონენტებზე. პოლიციის მოქმედებაში ოპონენტებად და მომხრეებად დაყოფა საზოგადოებისა არის სწორედ ამ ზღვარის წაშლა", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.