საქართველოში დაირღვევა ის ტრადიცია, როდესაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა ზღვარი მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში, პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობის დახურვისას განაცხადა. მისი თქმით, მათ უნდა მიაღწიონ და შექმნან პრეცედენტი იმისა, რომ მმართველი პარტია და მთავრობა გაიყოს და იყოს მკვეთრი ზღვარი მათ შორის.
"ის, რომ მე მთავრობის მეთაური ვარ და ამავდროულად, პარტიის თავმჯდომარე, არ მოხდება აღრევა ამ ორ მცნებას შორის. პარტია იარსებებს როგორც პარტია",- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, იგი კოალიციის ლიდერად რჩება. მანვე აღნიშნა, რომ მისი პარტია არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები.
"ჩემი საპატიო თავმჯდომარეობა გახლავთ დროებითი, ახალი პარტიის მანამ სანამ ახალი პარტია არ განვითარდება და ამ განვითარებაში შეიძლება ჩემმა პიროვნებამაც შეუწყოს ხელი, მაგრამ მე იმასაც მკაცრად გავაკონტროლებ, რომ არ გაჩნდეს დიდი სხვაობა ახალ პარტიასა და კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის რეიტინგებში, ამასაც ძ ალიან მკაცრად გავაკონტროლებ",- აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიცია ინარჩუნებს ერთიანობას, სანამ მათ ჰყავთ ოპოზიცია.