ტყულია, რომ ევროპული არჩევანი "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილებაა, ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არავის კუთვნილება არ არის, საქართველოს საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის ევროპისკენ ეჭირა თვალი.
"ევროპა საქართველოსთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ იყო. ამას მოწმობს ჩვენი სარწმუნოება, კულტურა, ქართველი კაცის მსოფლმხედველობა. სულხან-საბას, ილიასა და ვაჟას ქვეყანაში ვერავინ დაიჩემებს, ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც "ქართული ოცნება", რომ ევროპული გეზი მხოლოდ მისი კუთვნილებაა. ტყუილია, რომ ევროპული არჩევანი "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილებაა, ტყუილია, რომ ვინმე აპირებს ამ გზიდან გადახვევას. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა", - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ ისტორიული მიზნის მისაღწევადაა საჭირო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ამ გზას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უპირობოდ ადგას.
"ამ გზაზე ყველაზე მეტად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მათ", - დასძინა მან.