გარწმუნებთ, ძალადობით თავს ვერავინ დაიმკვიდრებს და ურთიერთქიშპით მხოლოდ კნინდება და სახელი უტყდება ჩვენს პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, იმას, რაც ამ ბოლო დროს პარტიის რეგიონალურ სტრუქტურებში მოხდა, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან.
"ყველამ კარგად იცით, რეგიონებში რამდენი ადამიანი გაწევრიანდა პარტიაში და მათ შორის რამდენი აღმოჩნდა თანამდებობისა და ხელმძღვანელობის მსურველი. ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდა. გარწმუნებთ, ძალადობით თავს ვერავინ დაიმკვიდრებს, ვერც ხელმძღვანელ პოსტებზე მოხვდებიან ძალაუფლების მოპოვების ჟინით შეპყრობილი ადამიანები. ურთიერთქიშპით მხოლოდ კნინდება და სახელი უტყდება ჩვენს პარტიას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მან სრულიად შეგნებულად გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო ადგილებზე პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში.
"მე არ ვიკადრე, თბილისიდან დამენიშნა ხელმძღვანელი პირები. ეს საქმე ადგილებზე, რაიონულ ორგანიზაციებს მივანდე, თუმცა ბევრ გაუგებრობას წავაწყდი. ამას, რასაკვირველია, თავისი ახსნა მოეძებნება. არჩევნების შემდეგ ხალხმა ამოისუნთქა და თავისუფლად აზრის გამოთქმის საშუალება მიეცა, და ეს ყველამ ისე გამოხატა, როგორც შეძლო. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ზოგმა ურთიერთობის ფორმად დაპირისპირება აირჩია, რაც არ შეგვშვენის. ჩვენ დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება და პოლიტიკური კულტურა. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ - ხელისუფლებამაც და ხალხმაც. ამ პროცესში შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას, მთავარია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ", - აღნიშნა მან.