საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობის მონაწილეებს მიმართავს. სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ივანიშვილი დელეგატებს მიესალმა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩევის გამო ყველას მადლობა გადაუხადა.
სიტყვით გამოსვლის დროს მან გაიხსენა, თუ რა პირობებში მოუხდა პარტიას დაარსება და რა წინააღმდეგობები შეხვდა, თუმცა მისივე თქმით, პარტიამ ყველა განსაცდელს ღირსეულად გაუძლო.
"გახსოვთ რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოგვიწია. პოლიტიკური საქმიანობისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ გვქონდა. პარტიაში გაწევრიანების გამო იჭერდნენ და ოჯახებს აშანტაჟებდნენ. თუმცა პარტიამ ღირსეულად გაუძლო ყველა განსაცდელს და არჩევნებში ჩვენმა კოალიციამ დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღეს პარტიას პარლამენტში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, სხვა ამოცანების წინაშე დგას.
"დღეს ჩვენს წინაშე სრულიად სხვა დღის წესრიგია. ხალხი გვენდო, ხმა მოგვცა და ჩვენ ვალდებულები ვართ ეს ნდობა გავამართლოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.