"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს არსებობა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" არასოდეს ჩადგება ისეთი სახელისუფლებო პარტიათა რიგში, რომელთა არსებობის სამწუხარო პრაქტიკა იყო ქვეყანაში.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ბოლო 20 წელია მმართველ პარტიაში ერთიანდებიან არა იდეოლოგიური და ღირებულებითი ნიშნით, არამედ მას ეტმასნებიათ გამდიდრებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილი ადამიანები.
პრემიერის თქმით, ასეთი პარტიები ყოველთვის ერთნაირ ბედს იზიარებენ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ იშლებიან და მათი არსებობა აღარავის აღარ ახსოვს.
"ქართულმა ოცნებამ" სხვა პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს არსებობა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. ეს უნდა იყოს იდეოლოგიით და ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანების ერთობა, რომელიც ოპოზიციაშიც სიცოცხლისუნარიანი იქნება, სწორედ ეს განასხვავებს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოს სხვა ქვეყნებისაგან და ჩვენ ვალდებულები ვართ, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა ახალი ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.