საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან პირველივე შეხვედრაზე აზიზიეს მეჩეთისა და ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების გარშემო არსებული პრობლემა მოგვარდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობისა და ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრების რესტავრაციის გარშემო აჟიტირებას ახდენდა და პრობლემას არ აგვარებდა.
"მე და ბატონმა ერდოღანმა მივაღწიეთ შეთანმებას. ერთი-ერთზე შეხვედრის დროს ეს საკითხი მწვავედ დაისვა და მგონი, რომ მოვახერხეთ შეთანხმება. ის, რომ იმ ადგილზე აზიზიეს მეჩეთი რომ არ უნდა აშენდეს შევთანხმდით. ამავდროულად, ბათუმსა და აჭარაში ჩვენი ქართველი მუსულმანები ძალიან ბევრია, ასევე, ბლომად არიან მუსულმანი ტურისტებიც და არ არის საკმარისი სალოცავი. ეზოში გამოდიან და მეჩეთის ეზოშიც ვერ ეტევიან და ქუჩაში უწევთ ლოცვა ხშირად. 200-ზე მეტი მეჩეთია და არ არის პრობლემა სხვა მეჩეთის აშენების. ადგილს ეძებს აჭარის მთავრობის მეთაური ხაბაზი. უახლოეს დღეებში ადგილს მოვძებნით და აშენდება ნეჩეთი. ამას არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური დატვირთვა. ამავდროულად შეხვედრის დროს ერდოღანმა თვითონ თქვა, რომ ქართველების ჯგუფი, ქართველების ექსპედიცია ექსპერტებთან ერთად დაიშვება ოშკისა და ხახულის რესტავრაციაზე. მე მგონი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. წარმატებული ვიზიტი გვქონდა და პრაქტიკულად ყველა საკითხში შევთანხდით. წლების განმავლობაში ამ საკითხს სხვანაირ განცხადებებს აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ამ საკითხის აჟიტირება ხდებოდა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაზე ცალსახად დარეგულირდა ეს პროცესები",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.