ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდია და ჩვენი ვალიაა, ეს ტვირთი ღირსეულად ვატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფილარმონიაში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა გარკვევით უნდა იცოდეს, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია გაჰყვეს, ვის მიემხროს და ვის არა, ვინ აირჩიოს და ვინ, არა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხალხს სიცხადე სჭირდება და ამისთვის აუცილებელია, რომ პარტია დაეფუძნოს გამოკვეთილ და ჩამოყალიდებებულ მსოფლმხედველობას და შეიქმნას ისეთი პარტიული სისტემა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.
"დღეს ჩვენ მოვიწვიეთ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ ჩვენი პარტიის პოლიტიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებზე და დავადასტუროთ, რომ კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან თანამშრომლობით ვაპირებთ ქვეყანაში ნამდვილი, ძლიერი დემოკრატია შევქმნათ და დავუბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლება და ღირსება, აღვადგინოთ და დავიცვათ მისი უფლებები, ქვეყანაში სამართლიანობა დავამყაროთ", - აღნიშნა პრემიერმა.