კოჰაბიტაცია სულაც არ ნიშნავს, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს, თუ თანამდებობებზე მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვაპატიოთ მათ მიერ ჩადენილი საკმაოდ მძიმე დანაშაულები. თანამდებობაზე ყოფნა არავისთვის არ უნდა იყოს იმუნიტეტი, დანაშაულის ჩასადენად თუ დასაფარად - ეს განცხადება მანანა კობახიძემ თბილისის საკონცერტო დარბაზში მიმდინარე პარტია "ქართული ოცნების" ყრილობაზე გააკეთა.
მანანა კობახიძემ კოალიციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გავლილი გზა და ის გარემოებები შეაფასა, რის გამოც კოჰაბიტაციის პროცესი ჭიანურდება.
კობახიძის თქმით ერთის მხრივ, ეს პროცესი გაართულა წინასაარჩენო პერიოდში "ქართული ოცნების" წევრებსზე, აქტივისტებსა და ლიდერებზე ზეწოლამ, მეორეს მხრივ კი სამართლიანობის აღდგენის პროცესმა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო.
"თანამდებობაზე ყოფნა არავის არ აძლევს იმუნიტეტს დანაშაულის ჩასადენად თუ დასაფარად. სრულიად გაუგებარია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რიტორიკა, როდესაც ისინი პროკურატურაში ნებისმიერ დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. ჩვენ საზოგადოებამ მხარი სწორედ იმიტომ დაგვიჭირა რომ ყველა საქმე გამოძიებულიყო ობიექტურად. არ ვაპირებთ ე.წ. კოჰაბიტაციის გამო ვინმეს ვაპატიოთ დანაშაული. ვპირდებით მოქალაქეებს, რომ სამართლიანობა აღდგება და მოგვარდება ის მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები რომლის წინაშეც ვდგავართ"- განაცხადა მანანა კობახიძემ.
ამასთან კობახიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური კრიზისების მართვის და თავიდან არიდების აუცილებლობაზე და დასძინა, რომ ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლების განხორციელების ინიციატივითაც უმრავლესობა გამოდის.
"რთულია როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას ოპოზიციაში უდგას, ხალხის არჩევანს უდგას ოპოზიციაში, რაც იწვევს მუდმივ დაძაბულობას და ვნებათა ღელვას საზოგადოებაში, ნერგავს გაურკვევლობასა და შიშს, რაც დაუშვებელია და სწორედ ჩვენ გვაქვს იმის ვალდებულება, რომ ყველაფერი ვიღონოთ რათა არ დავუშვათ პოლიტიკური კრიზისი და დესტაბილიზაცია. სწორედ ამიტომ გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით, რომელიც შეზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას თვითნებურად, ერთპიროვნულად დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და ახალი მთავრობა, რომელსაც არ ექნება ხალხის ნდობა. იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივ საბოლოოდ მივაღწევთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მორგებული არა რომელიმე პარტიის, არამედ ხალხსი და ქვეყნის ინტერესზე"- აღნიშნა მანანა კობახიძემ.