საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ და ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები, შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს.
"ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას და საერთოდ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც კონგრესთან და სენატთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტთან. ყველა დიპლომატიური არხით ვაწოდებთ ჩვენ ინფორმაციებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ კონგრესმენების განცხადება გამოწვეულია იმით, რომ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ან ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ არ არის ზუსტი. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი ამ კონგრესმენებს და იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს საქართველო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა. ჩამობრძანდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას და აქვე გაეცნონ, როგორ ვითარდება დემოკრატია საქართველოში",-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამერიკელ კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღსაკვეთად "სრული დიპლომატიური რესურსების " გამოყენების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Hill იუწყება.
გაზეთი The Hill ჯონ კერისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილსაც აქვეყნებს.
"ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სრული დიპლომატიური რესურსი არსებული კრიზისის საპასუხოდ", - ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარე, მაიკლ ტერნერი ("რესპუბლიკელი", ოჰაიოს შტატი); მარიო დიაზ-ბალარტი ("რესპუბლიკელი", ფლორიდას შტატი), "ტრანსატლანტიკური დიალოგის" თავმჯდომარე ბილ შუსტერი ("რესპუბლიკელი" პენსილვანიის შტატი) და ელისონ შვარცი("დემოკრატი", Congressional Georgia Caucus-ის თანათავმჯდომარე).