პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილის იდეოლოგიაა, რომ რაც შეიძლება, მეტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაისაჯოს კანონიერად, რათა შემდეგ დასავლეთის თვალში წარმოაჩინონ, რომ ყოფილ ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს.
ამის შესახებ პრემიერმა პარტია "ქართული ოცნების" რიგგგარეშე ყრილობის დაწყებამდე თბილისის მერის გიგი უგულავას დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" ძალზე ემოციურად გამოხატავს, თუ როგორ ბედავს ხელისუფლება უგულავას დაკითხვას.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" განუცხადა, რომ მზადაა, იმუშაოს ამნისტიაზე და მათგან ამნისტიის პროექტის წარდგენაც ითხოვა.
"მათ ჰქონდათ და დღესაც აქვთ საშუალება იმუშაონ ამნისტიის პროექტზე, რადგან ჩვენი სურვილი არ არის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალქე დაისაჯოს. ამავდროულად, ვაცხადებთ, რომ არც ჩემი და არც მთავრობის რომელიმე წევრის მხრიდან არ მოხდება, რომ სამართლიანობის აღდგენას ხელი შევუშალოთ. დავურეკოთ მთავარ პროკურორს და შევაჩეროთ დაკითხვაზე დაბარებები", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მისი სურვილია, რომ ეს პროცესები მალე დამშვიდდეს და ემოციები დაღვინდეს.
"მე სააკაშვილს საპატრიარქოშიც ვუთხარი, რომ ასეთი აგრესიული რიტორიკის ნაცვლად უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეფიქრათ, ამნისტიის პროექტის წარმოდგენაზე და ჩვენ ამაზე ვიმუშავებდით, მაგრამ მან მიპასუხა, რომ უგულავა და მერაბიშვილი არიან გმირები და სიამოვნებით ჩასხდებიან ციხეში. თავიდან მეგონა ხუმრობა, მაგრამ როგორც ჩანს, სააკაშვილის იდეოლოგიაა, რომ რაც შეიძლება, მეტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაისაჯოს კანონიერად, რათა შემდეგ დასავლეთში წარმოაჩინოან, რომ მათ მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს", - განაცხადა ივანიშვილმა.