"როსპორტრებნადზორის" სპეციალისტები საქართველოში სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჩამოვლენ.
როგორც რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, "საქართველომ "როსპოტრებნადზორს" იმ საწარმოების შესახებ, რომლებიც მზად არიან, რუსული ინსპექცია მიიღონ, დამატებითი მასალები უნდა გადასცეს".
"თუ ისინი ორშაბათს დოკუმენტებს წარმოადგენენ, ჩვენ მათ ორ დღეში განვიხილავთ, შემდეგ კი გასამგზავრებლად მზად ვიქნებით, თუმცა გამგზავრების თარიღი განსაზღვრული არ არის", - განუცხადა "ინტერფაქსს" ონიშჩენკომ.
მისივე თქმით, ადრე "როსპოტრებნადზორმა" ქართულ მხარეს 31 საწარმოს სია გადასცა, რომლებიც მზად არიან, რუსეთში ღვინოსა და მინერალური წყლების შეტანა განაახლონ. ამ საწარმოებმა "როსპოტრებნადზორს" ადრე ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია წარუდგინეს.
"ქართულმა მხარემ ამ სიიდან 6 საწარმო ამოიღო, თავისი ქმედება კი იმით დაასაბუთა, რომ ზოგი უკვე აღარ არსებობს, ზოგიერთი კი კონტროლს ვერ აკმაყოფილებს. ამ ექვსის ნაცვლად მათ სიაში 10-ზე მეტი საწარმო ჩაამატეს, თუმცა ჩვენ მათი დოკუმენტები არ გვინახავს. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტები და ეს ყველაფერი დროს მოითხოვს", - განაცხადა ონიშჩენკომ.
ამასთან, მისივე თქმით, "ქართული მხარე "ინსპექციის მარშრუტს" დასთანხმდა და მასში მინერალური წყლები - "ნაბეღლავი" და "ბორჯომი" შევიდა".
"როსპოტრებნადზორის" ექსპერტები საქართველოში გასულ კვირაში უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ "როსპოტრებნადზორისთვის" იმ საწარმოების ჩამონათვალის გადაცემა დააგვიანა, რომლებშიც რუსი სპეციალისტები უნდა ჩამოსულიყვნენ.