Commersant.ge–ს მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობის – 97%–ის აზრით, ბაზარზე სურსათის ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს და მხოლოდ 2 % ფიქრობს, რომ კონტროლის არსებული მექანიზმები საკმარისია.
კითხვას – „უნდა გამკაცრდეს თუ არა საკვები პროდუქტების კონტროლი?“ - საიტის მომხმარებლებმა ასეთი პასუხი გასცეს:
დიახ, 96.6%;
კონტროლის არსებული მექანიზმები საკმარისია 1.7%;
ეს პრობლემა აქტუალური არ არის 1.7%.
შეგახსენებთ: სურსათის უვნებლობის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა.
სანიტარულ კონტროლთან დაკავშირებით კოდექსში შესატან ცვლილებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ამზადებს.
საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ცნობილი გახდა ვირისა და ცხენის ხორცის შემოტანის შესახებ.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, ხორცის შემომტანი მეწარმეები პროდუქციის რეალიზაციამდე დააკავეს და დააჯარიმეს. ხორცი კი სარეალიზაციო დახლებზე არ მოხვედრილა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 6-11 თებერვლის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა იმპორტიორის მიერ 300 ტონამდე კარტოფილი შემოვიდა, რომელიც საკარანტინო მიკროორგანიზმით აღმოჩნდა დაავადებული. ბოლო ინფორმაციით, თურქულ მხარესთან დაავადებული კარტოფილის დაბრუნების შეთანხმება მიღწეულია
სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე აცხადებს, რომ ფიტო-სანიტარული კონტროლის გამკაცრება რეალურ კონტროლს გულისხმობს, რაც აქამდე ქვეყანაში არ მუშაობდა და ბაზარზე ვირის და ცხენის ხორცის მოხვედრასაც ვერ აკონტროლებდა. მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ ყველა კომპანიამ სანიტარული მოთხოვნები დააკმაყოფილოს და სტანდარტებს დაუახლოვდეს, გადაიარაღებისთვისდრო მიეცემათ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი საკვების კონტროლის არარსებობას „ბენდუქიძისეული“ პოლიტიკით ხსნის.
ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, ე.წ. ლიბერტარიანული იდეების გამო სურსათის კონტროლის მექანიზმი ნულამდე იყო დასული.
ამასთან, ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ კონტროლის მექანიზმების გამკაცრებით ბიზნესის შევიწროვება არ მოხდება. მისი თქმით, ყველა ცვლილება მაქსიმალურად გაწონასწორებულია ისე, რომ ბიზნესისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს.
ცვლილებათა პაკეტს ქვეყანა გაზაფხულზე მიიღებს.