საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ქართული მხარე დააფინანსებს".
ამის შესახებ ფანჯიკიძემ "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.
"დაფინანსება იქნება ქართული მხარის, რადგანაც ეს არის საქართველოში მცხოვრები მლოცველების სურვილი და ამიტომ ქართული ფულით აშენდება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მინისტრის თქმით, "ყველა რელიგიის მიმდევარს უნდა ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ ილოცოს იქ, სადაც მისთვის არის მისაღები".
"რადგან მუსლიმანებს აქვთ ეს მოთხოვნილება და მათ არ აქვთ ადგილი, სადაც ამას შეასრულებენ, მათთვის მეჩეთი უნდა აშენდეს. თუკი აზრთა სხვადასხვაობა იყო იმ აზრმა გაიმარჯვა, რომელიც საღია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, რადგან არსებობს სურვილი იმისა, რომ მუსლიმ მოსახლეობას ჰქონდეს ლოცვის საშუალება, თუმცა, ბათუმში არსებული მეჩეთი საკმარისი არ არის, ამიტომ აშენდება მეორე, რომელისთვისაც ადგილს აჭარის ხელისუფლება გამოყოფს.