სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იურიდიული დახმარების მიმართულებით ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.
რეფორმის ახალი სტრატეგიის განხილვა დღეს სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილე სოფო ჯაფარიძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სტრატეგიული მიზნები, როგორებიცაა იურიდიული დახმარების სამსახურის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ასევე - უფასო სამართლებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდა. განახლდა სტრატეგიის სამოქმედო გეგმაც, რომელიც 2013-2015 წლების პერიოდზე გაწერილ აქტივობებს მოიცავს.
იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. ბოლო წლებში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, სამსახურმა განახორციელა შემდეგი ღონისძიებები: 3 ახალი ოფისი გაიხსნა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; სამართლებრივი კონსულტაციის სერვისი დაინერგა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საზოგადოებრივ მისაღებში; უფასო იურიდიული დახმარება გავრცელდა იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას; სამსახურში დასაქმებული ადვოკატები გადამზადდნენ არასრულწლოვანთა დაცვისა და სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებში; ჩატარდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია და სხვა.
იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარება მიმდინარეობს სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, რომელსაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ახორციელებენ.