უახლოეს მომავალში თურქულ მხარეს რამდენიმე თურქი პატიმარი გადაეცემა, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ამ თემაზე საქართველოს მთავრობა თურქეთთან პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდეც აქტიურად თანამშრომლობდა. წულუკიანის ინფორმაციით, საუბარი არ არის პატიმრების გაცვლაზე, არამედ ეს თანამშრომლობა გულისხმობს იმ პატიმრების გადაცემას თურქული მხარისთვის, რომელთა მიმართ წაყენებული ბრალიც საფუძვლიანია.
"მოხდება მათი გადაცემა თურქული მხარისთვის და ისინი დარჩენილ სასჯელს თურქეთში მოიხდიან. საქართველოს მიმართვის შემთხვევაში ანალოგიურად მოიქცევა თურქეთიც და თურქულ ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან საქართველოს ციხეებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ოჯახებმა უკეთ მიხედონ თავიანთ პატიმრებს. პირველ ეტაპზე თურქულ მხარეს რამდენიმე პატიმარი გადაეცემა და ეს მოხდება იმ საქმეებთან მიმართებაში, რომლებზეც კონვერტირებული გადაწყვეტილება გვაქვს. კონვერტირებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, როდესაც გადაწყვეტილება შემოდის უცხო ქვეყნიდან და ის ჩვენთან დამდგარი განაჩენის ეკვივალენტია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე ინფორმაციით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქართულმა მხარემ იცოდეს რამდენს მოიხდის ესა თუ ის პატიმარი თურქეთის ციხეში, რადგან ორი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსები განსხვავებულია და სხვადასხვა დანაშაული სხვადასხვაგვარად კვალიფიცირდება.
"ამ პროცესის დასრულებისთანავე ფაქტობრივად გადაცემის პროცესი დაიწყება. რამდენიმე საქმეზე ბრძანებები უკვე ხელმოსაწერად მზად არის და უახლოეს მომავალში აღსრულდება. ამგვარი პრაქტიკა წარსულშიც არსებობდა, თუმცა, ჩვენ ამ მხრივ მუშაობას ვააქტიურებთ. პატიმართა რიცხვი, რომელთა საქმეებსაც ვიხილავთ, დაახლოებით 30-მდეა, თუმცა, ამ ეტაპზე გადასაცემად მზად არის მხოლოდ რამდენიმე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.