საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პროგრამის - "ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის" - შესაბამისად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა განხორციელდეს.
"რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროცესში ჩართულია როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ისე საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რათა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მოესწროს რეფორმის სრულფასოვანი განხორციელება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრაზე ევროსაბჭოს დელეგაციამ თვითმმართველობის რეფორმის კუთხით მიმდინარე სამუშოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
"შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს. აღნიშნული რეფორმა მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების თვალსაზრისით და ევროსაბჭო მზად არის, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს მის განხორციელებაში. ასევე, ვისაუბრეთ 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე და მის სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას დემოკრატიისაკენ და მზად ვართ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ თქვენს ქვეყანას ამ პრინციპების დაცვის საქმეში", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ.
დღევანდელ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორი ალექსანდრე გიოსელი, ევროპის საბჭოს პროგრამების დირექტორი ვერენა ტეილორი და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კატერინა ბოლონეზე.