იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლო მოსამართლე ბესარიონ ალავიძეზე გავრცელებულ ინფორმაციას , რომ ის ამ თანამდებობაზე იურიდიული განათლების გარეშე მუშაობს, "მეტისმეტად შემაშფოთებელს" უწოდებს.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო სწავლობს.
"ამ ინფორმაციას ჩვენ ვსწავლობთ, რომ შევძლოთ სამართლებრივი და საფუძვლიანი შეფასება მივცეთ ამ ფაქტს და შემდეგ დავგეგმოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისკენ, რომ უზენაესი სასამართლოს და, ზოგადად, მართლმსაჯულების ხელმძღვანელმა გასცეს პასუხი ლეგიტიმურ შეკითხვას, ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ წავალთ უფრო შორს. უნდა შევამოწმოთ ზოგადად იგივე პრობლემა ხომ არ არსებობს სხვა მოსამართლეების შემთხვევაშიც", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, თუ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდება, იმ გადაწყვეტილებებს მიადგება პირველ რიგში დიდი დარტყმა, რომელიც ასეთ მოსამართლეს შეიძლება ჰქონდეს გამოტანილი. "თუ აღმოჩნდა, რომ ისეთ მოსამართლეს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც შიდა კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა უფლება მოსამართლედ ჩათვლილიყო ან მიეღო ამგვარ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილების კანონიერება ეჭვქვეშ დადგება",-დასძინა წულუკიანმა.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მოსამართლის თანამდებობაზე იურიდიული განათლების გარეშე მუშაობს.