ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს , თავი დაანებოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პეტრიაშვილმა განუცხადა, ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და პრეზიდენტს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.
პეტრიაშვილის თქმით, ორი დღის წინ თბილისში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. კერძოდ, არაფორმალური მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი მინისტრების მონაწილეობით, ხოლო უახლოეს მომავალში დაგეგმილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი.
"ვიმედოვნებთ, ეს იქნება ბოლო რაუნდი, რომლის შემდეგაც დაიწყება კონკრეტული პროცედურები ევროკავშირის მხრიდან. ვილნიუსის სამიტზე გაკეთდება ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და პროცედურებია დაწყებული ხელმოსაწერად", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ პროცესს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, მინისტრი გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის მიერ გაკეთებულ მკაცრ განცხადებას და აღნიშნა, რომ მთავრობა ყურადღებით უსმენს ევროპელ პარტნიორებს, გაგებით ეკიდება და რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.
"ევროპის სახალხო პარტია არის ყველაზე დიდი ფრაქცია ევროპაში. მათთანაც მიმდინარეობს მუშაობა და ყველა გაგებით ეკიდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან პოზიტიურ ჭრილში მიმდინარეობს. თუ პრეზიდენტი თვითონ არის პანიკაში, მას ამისი არავითარი საფუძველი არ აქვს", - დასძინა პეტრიაშვილმა.