ვენ ვთავაზობთ უმრავლესობას, ამოქმედდეს ის მუხლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამოქალაქო მშვიდობას, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მუხლები ეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილს, საპარლამენტო უმრავლესობის ქვორუმს და ა.შ.
"ეს საუბარი მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა. ის, რომ ჩვენ იმ კონსტიტუციის სრულად ამოქმედებას ვითხოვთ ახლა, რომელიც ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, ასე არ არის. იქ საუბარია კონკრეტულ პუნქტებზე და ამ პუნქტების დაწვრილებით და სათითაოდ გავლა მიმდინარეობს. ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ ამოქმედდეს გარკვეული მუხლები იმ კონსტიტუციისა, რომელიც ოქტომბერში უნდა ამოქმედდეს. რაც მათ აწუხებთ, რაც ეხება უფლებამოსილებების საკითხს და რაც ეხება უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხს – ამ ნაწილზე ვესაუბრებით.", - განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციით იყოს გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია და არაერთხელ ვთქვით ეს, რომ კონსტიტუციით იყოს გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობა, კონსტიტუციით იყოს გარანტირებული ქვეყნის დეცენტრალიზაცია, ანუ ის საკითხები, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით. გარდა ამისა, მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანია კლიმატი. მნიშვნელოვანია, რომ იმ გაუგებარ ზეწოლაზე, გაუგებარ რიტორიკაზე, სიძულვილის ენაზე, კარგი იქნება, თუ უმრავლესობა ერთხელ დაჯდება და მოითათბირებს, რომ ამით ქვეყანას კარგს არაფერეს უკეთებენ", - აღნიშნა გაბაშვილმა.