სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-აკადემიური ინსტიტუტების, ევროკავშირის, საქართველოში მოქმედი განვითარების საერთაშორისო სააგენტოების (FAO, UNDP, Mercy Corps, ACF, CARE, HEIFER), აგრეთვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს.
სხდომას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი უძღვებოდა.
კანონპროექტის შემუშავების პროცესი დაიწყო საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემოაღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. ამჟამინდელი სამუშაო შეხვედრის მიზანია კანონპროექტის საბოლოო შეჯერება და საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განხილვისათვის მომზადება.
აღნიშნული შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM/დიდი ბრიტანეთის ორგანიზებითა და ხელშეწყობით იმართება. საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა, რის შედეგადაც პროექტის ავტორებმა ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოებას გააცნეს კანონპროექტი, მოისმინეს და გაითვალისწინეს მათი შენიშვნები და წინადადებები, რომელიც შემდგომ აისახა წარმოდგენილ კანონპროექტში.
"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო მხარდაჭერასთან და ზედამხედველობასთან, სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
პროექტით გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფოს ხელშეწყობის ღონისძიებები. მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საგადასახადო შეღავათების დადგენა.