ფოთს საკუთარი სტრატეგიული განვითარების გეგმა ექნება. გეგმის პროექტი დღეს სპეციალურ სხდომაზე განიხილეს , რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის განხორციელებას ფინანსურად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს და მასზე მუშაობა გასული წლიდან დაიწყო.
"პროექტის ამოცანა, პირველ ეტაპზე გახლდათ სტრატეგიის ჩამოყალიბება, მეორე ეტაპი იქნება სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობა, რაც მოიცავს ქალაქის არქიტექტურული სამსახურის გაძლიერებას. ეს არის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული ვადის შესაბამისი გეგმა, რომელიც მოიცავს 2016 წლამდე პერიოდს",-განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში პროექტის კოორდინატორმა დავით მელუამ.
პროექტის სამუშაო ვერსიას ის შენიშვნები დაემატება, რომელიც მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნიათ. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში ჩართული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
"თებერვლის ბოლოს, დოკუმენტმა საბოლოო სახე უნდა მიიღოს. მასში საუბარია, იმ პირველად პრიორიტეტებზე, რაც განსაზღვრულია ქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტით - როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული საკითხები",-აცხადებს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მაგდა მენაბდე.