სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპის ნაგავსაყრელზე 5 ტონა ცხენის ხორცი გაანადგურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, მათ შსს-ს კასპის რაიონული სამმართველოდან ცხენის ხორცის დიდი პარტიის აღმოჩენის შესახებ ოპერატიული შეტყობინება 8 თებერვალს მიიღეს.
"სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს კასპში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის კერძო სახლში ანტისანიტარიულ პირობებში განთავსებული დიდი რაოდენობით ცხენის ხორცი, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პარტია უკვე გახრწნილი იყო, ნედლეულის ნიმუშის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხორცი დასნებოვნებული იყო სალმონელოზით და კოლიფორმული ბაქტერიებით. ცნობილია ასევე, რომ ცხოველები დაკლულია სასაკლაოს გვერდის ავლით, გაურკვეველ პირობებში. ცხენის ხორცის პარტიას თან არ ახლავს არანაირი დოკუმენტაცია", - აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.
მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცხენები მოპარული იყო.
"სურსათის ეროვნული სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად ანადგურებს აღნიშნულ ნედლეულს", - განმარტავენ სააგენტოში.