ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, რომ ახალი კონტიტუციის დიდი ნაწილი ამოქმედდეს დღესვე და არა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ . როგორც ვიდეომიმართვაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, გარკვეული მუხლები დღესვე უნდა ამოქმედდეს, გარკვეულ ნაწილზე კი, აჩქარება არ ღირს.
"ჩვენ საუბარი გვაქვს კონსტიტუციის დიდი ნაწილის დღესვე ამოქმედებაზე და არა მთლიანად. სწორედ ამაზეა საუბარი - რა ნაწილი ამოქმედდება დღეს და რა ნაწილი ოქტომბერში. ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ, ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტს და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის, პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან მიმართებაში, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და ეს ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, აქ მიდის მოლაპარაკება. გარკვეულ თემებთან დაკავშირებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და შესაძლებელია, მათი ამოქმედება და ძალაში მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც იგეგმებოდა", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების დასამშვიდებლად.
"მათ შორის, ამ დაპატიმრებების და დაკავებების ტალღის შესაჩერებლად და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვისა და ჩვენი ხალხისთვისაც და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო - რა არის მნიშვნელოვანი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და არა ის, თუ რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი პრეზიდენტი, პრემიერი ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული წინადადება. მე შემიძლია დავადასტურო, რომ უმრავლესობის მხრიდანაც ამ წინადადებას გარკვეული პოზიტიური რეაგირება მოჰყვა და ჩვენ ახლა ვმუშაობთ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ნაწილი შეიძლება ამოქმედდეს დღესვე", - განაცხადა ბაქრაძემ.