საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი საკონსტიტუციო ცვლილებების ვადამდე ამოქმედების ინიციატივას პოზიტიურად აფასებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წერეთელმა განაცხადა, დიალოგის მსვლელობის დროს "ნაციონალების" მხრიდანაც იდგმება ნაბიჯები. მისი თქმით, როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შევიდა, უმცირესობა მზად იყო, მისთვის მხარი დაეჭირა იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნებიც გათვალისწინებული იქნებოდა.
"აუცილებელია კონსტიტუციით განისაზღვროს საგარეო კურსის საკითხი, ასევე პარლამენტის ადგილმდებარეობა და ქვორუმის გაზრდა, რათა პარლამენტში არ მოხდეს გადაწყვეტილებების ცალმხრივად მიღება", - აღნიშნა წერეთელმა.
ამასთან, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს საუბრები - შევიდეს ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.
"მიმდინარეობს საუბრები იმაზე, ხომ არ შევიყვანოთ ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლებიც 2010 წელს შეიმუშავა თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგრამ ეს ცვლილებები ელოდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდგომ შევა ძალაში. ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. იზრდება პრემიერის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული ხარვეზები, მისი ამოქმედება ნაწილობრივ და არა სრულად იქნება ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს დგას დღის წესრიგში. კოალიცია "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აყენებდა მხოლოდ ერთ საკითხს, ანუ ჩვენთვის საკმარისი იყო იმ ერთი საკითხის მოგვარება, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ამ საუბრებში, ვინაიდან გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური, უფრო გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, აღნიშნული იდეისადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოთქვა გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.