ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილი საზღვრების ფარგლებში , - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთისთვის ასევე მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, ეკონომიკური აღმავლობა და ნატო-სა და სხვა ორგანიზაციებში საქართველოს გაერთიანება.
"მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დადგენილი საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსი და სავაჭრო ბრუნვამ ქვეყნებს შორის 2012 წლის მონაცემებით 1,5 მილიარდი შეადგინა.
"თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი და შესაძლებელია კიდევ უფრო წინ წავიდეთ. საქართველოს ეკონომიკაში თურქულ დაბანდებებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავიათ. ჩვენი ბიზნესმენები საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში და მათი საქმიანობა საინტერესოა იმითაც, რომ ეს არის დასაქმების ახალი ადგილები. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში კიდევ უფრო წინ წავიდეს, შენარჩუნდეს მშვიდობა და განვითარდეს და იყოს სტაბილურობა ქვეყანაში", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა.
გარდა ამისა, ერდოღანის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ერთობლივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. თურქი მესხების რეპატრიაციასაც.
"ჩვენ ამ შეხვედრის დროს განვიხილეთ ბევრი საკითხი. განვიხილეთ თურქი მსჯავრდებულების გადმოცემის საკითხები, რომლებიც საქართველოს საპატიმროებში არიან. განვიხილეთ ასევე 70-წლის წინ, უსამართლოდ გადასახლებული ახალციხელი თურქების თავიანთ ქვეყანაში რეპატრიაციის საკითხი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონი პრემიერი ყველა ამ საკითხს დადებითად უყურებს და იზიარებს შეხედულებებს. ასევე, განხილული იქნა მხარდაჭერის საკითხები. მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში ჩვენი კანდიდატურის მხარდაჭერის, ოლიმპიადის გამართვის მხარდაჭერის საკითხები. ჩვენ ქართველი კანდიდატურების მხარდაჭერა აღუქვით მათ ყველა ორგანიზაციაში", - აღნიშნა ერდოღანმა.