საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა, ვადაზე ადრე ამოქმედდეს, შერეული მმართველობის კონსტიტუციურ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს.
საუბარია ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციურ მოდელზე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ - არა წმინდა სახის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. შემოდის შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელს უწოდებენ.
სწორედ ამ ცვლილებებით გადადის მთლიანად პარლამენტის ხელში მთავრობის ფორმირების საკითხი. პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტის მთავარი მიზნებიც, 2013 წლის ოქტომბრისთვის ასამოქმედებელი კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ხოლო თუკი ის ძალაში დაგეგმილზე ადრე შევა, ამოქმედდება ნორმა, რომლის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ჩაითვლება და პრეზიდენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე მოვალეობის შესრულებას ძველს დააკისრებს. თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი; პრეზიდენტი კი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინოს.
იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და განახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშნვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შემცირებულია, როგორც პარლამენტთან, ისე მთავრობასთან მიმართებაში. პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება, რბილდება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მექანიზმი. პრეზიდენტის უფლება - დაითხოვოს პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით ძალიან შეზღუდულია და ეს იმ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი პარლამენტში უმრავლესობა ვერ ყალიბდება.
გარდა ამისა, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა პრეზიდენტის უფლებამოსილებას აღარ განეკუთვნება. მას აღარ ექნება პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება, აღარ შეეძლება დამოუკიდებლად - მხოლოდ საკუთარი ინიციატივით რეფერენდუმის დანიშვა, ასევე მთავრობის მოწვევა და გადაყენება. პრეზიდენტი აღარ გაუწევს კურირებას ძალოვან მინისტრებსა და ვერ შესძლებს მთავრობის აქტის გაუქმებას.
ახალი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ–მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა.
პრეზიდენტთან მიმართებაში საკონსტიტუციო სიახლეს ისიც წარმოადგენს, რომ 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს მკვიდრი მოქალაქის გარდა, ისეთი პირიც შეიძლება აირჩეს, რომელიც ე.წ. ნატურალიზებული მოქალაქეა. კონსტიტუციაში ჩაიწერა და ძალაში შევიდა მუხლი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში ხუთ წელს მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღემდე, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.
ასევე, სწორედ 2013 წლის ოქტომრიდან ასამოქმედებელი საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს კონსტიტუციაში ცვლილებების გახორციელების პროცედურის გართულებასა და კვორუმის სამ-მეოთხედამდე გაზრდას. მისი ამოქმედების ვადის გადმოწევის შემთხვევაში, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი-მეოთხედი დაუჭერს მხარს.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ამოქმედებაც 2013 წლიდან - ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან არის განსაზღვრული, შესაძლოა, ვადამდე ამოქმედდეს. ეს საკითხი მმართველ გუნდსა და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის განიხილება.