პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ვადაზე ადრე ამოქმედებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს.
"არჩევნების შემდეგ ჩვენ იმთავითვე გვქონდა იდეა, ხომ არ აგვემოქმედებინა ის ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების დროს უმცირესობის მხრიდანაც წამოვიდა აზრი, ხომ არ გადმოვიტანოთ ეს ცვლილებები და არ ვისაუბროთ მხოლოდ იმ ნორმაზე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება, მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის ნაწილში. მოლაპარაკებების ეტაპზე ამ აზრმა ისევ გაიჟღერა, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეთანხმება შედგეს. თუმცა, რაიმე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ველოდებით, რომ ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა. ვფიქრობ, ის მთავარი მიზანი, რისთვისაც გამიზნულია ეს ცვლილება – შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, ერთპიროვნულად დაითხოვოს მთავრობა, მიღწეული იქნება. მით უფრო, იმ შემთხვევაში თუ მთლიანად გადმოვიტანთ იმ მოდელს, რომელზეც 2013 წლის არჩევნების შემდეგ იყო საუბარი. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი პირდაპირ უნდა იყოს გადმოტანილი, ეს ჯერ კიდევ შეთანხმების საგანია და მოლაპარაკებები გაგრძელდება", - განაცხადა კობახიძემ.