საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ნათქვამია ამ ორი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი პრობლემების იდენტიფიცირება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება.
"ფაქტია, რომ ახლად დანიშნული თანამდებობის პირები სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს უგულვებელყოფენ. ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითია მიმდინარე წლის 8 თებერვალს ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში (გადაცემა "ძალა უძალოთა") გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ბატონ ზურაბ დანელიშვილის მიერ ღიად დაფიქსირებული პოზიცია. გამგებლის მოადგილემ განაცხადა, რომ ის საკადრო საკითხებს წყვეტს არა კანონის, არამედ თავისი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე და შემდგომშიც ასე გააგრძელებს. გამგებლის მოადგილის განცხადებით, ის მორალს უკითხავდა სოფლის რწმუნებულებს, რათა ეგრძნოთ მორალური პასუხისმგებლობა და სამსახურებიდან პირადი განცხადებების საფუძველზე წასულიყვნენ. გამგებლის მოადგილეს არ დაუმალავს, თუ როგორ დაავალა გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსს და მის სამ თანამშრომელს გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადებები დაეწერათ.
ასევე კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ 7 თებერვალს გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ დანელიშვილი ჭანდარის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალისტს, ნინო კახაბერს დატოვოს თანამდებობა. მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ინფორმაცია ნინო კახაბერმა ასევე დაუდასტურა საია-ს და "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორებს პირად საუბარში.
როგორც ჩანს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაინც და მაინც არც ახლად დანიშნული ადამიანების კვალიფიკაციით ინტერესდება და მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს არ სთხოვს. მაგალითად, საია-მ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ახლად დასაქმებული 46 პირიდან უმრავლესობას კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი. სავარაუდოდ, მათ ან აღნიშნული დოკუმენტები დამსაქმებელთან არ წარუდგენიათ ან ეს მათთვის არავის მოუთხოვია, რაც, ცხადია, ორივე შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა თანამდებობის პირს, იმოქმედოს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით და ნუ გასცდება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, ხოლო თუ ვინმეს ამ ვალდებულების სათანადოდ გაცნობიერება არ სურს ან არ შეუძლია, მისი ადგილი საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს.
ამასთან, ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეისწავლონ ზემოაღნიშნული შემთხვევები და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად.
ორგანიზაციები აგრძელებენ ადგილობრივი თვითმმართველობების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს. ისინი მოუწოდებენ ნებისმიერ პირს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები შეილახა ან ამის საშიშროება არსებობს, მიმართოს ორგანიზაციების ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებს.