საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების გადმოწევა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ბევრ თემასთან დაკავშირებით სიცხადეს შეიტანს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ ნებისმიერ დროს დაითხოვოს მთავრობა.
"კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების გადმოწევა, რომელიც ძალაში შედის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბევრ თემასთან დაკავშირებით სიცხადეს შეიტანს. ქვეყანაში არსებობს იმ საფრთხეებზე ვნებათაღელვა, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს დაითხოვოს მთავრობა. ეს კრიზისის შექმნის საფრთხეს ქმნის", - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს.
ამასთან, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს საუბრები - შევიდეს ძალაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.
"მიმდინარეობს საუბრები იმაზე, ხომ არ შევიყვანოთ ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომლებიც 2010 წელს შეიმუშავა თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაგრამ ეს ცვლილებები ელოდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და შემდგომ შევა ძალაში. ამ ცვლილებების მიხედვით, მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. იზრდება პრემიერის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული ხარვეზები, მისი ამოქმედება ნაწილობრივ და არა სრულად იქნება ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც დღეს დგას დღის წესრიგში. კოალიცია "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აყენებდა მხოლოდ ერთ საკითხს, ანუ ჩვენთვის საკმარისი იყო იმ ერთი საკითხის მოგვარება, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ამ საუბრებში, ვინაიდან გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური, უფრო გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, აღნიშნული იდეისადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოთქვა გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.