წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებების დირექტორებს შეხვდნენ და საკუთარი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სასტუმრო "ბეტსში" გამართულ შეხვედრაზე წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ციხის დირექტორებს გააცნეს მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ხასიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ტიპის შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაცია ციხის დირექტორებთან პირველად ატარებს.
ხასიას განცხადებით, წითელი ჯვარი ფართოდ თანამშრომლობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.
"წითელი ჯვარი თანამშრომლობს ციხეებთან, კერძოდ, მუშაობს დაავადებულ პატიმრებთან, ასევე ატარებს მონიტორინგს და დღევანდელ შეხვედრაზე ამ მონიტორინგის შედეგად გამოკვეთლი პრობლემების განხილვა მოხდა", - განაცხადა მაია ხასიამ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ირკე იშოის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ჰყავთ ახალი ხელმძღვანელები და უნდა მოხდეს მათი ინფორმირება.
"ეს არის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა დაწესებულებში ეფექტურ თანამშრომლობას. კერძოდ, ჩემს დაწესებულებაში წითელი ჯვარი ახორციელებს მინდობით აღსაზრდელი ბავშვების მშობლებთან პაემანზე მოყვანას და ისევ წაყვანას, ასევე მათ მოაქვთ წერილები პატიმრებთან, რომლებთაც ოჯახის წევრებთან კონტაქტი უჭირთ", - განაცხადა სასჯლეაღსრულების #5 დაწესებულების დირექტორმა მედიკო ალანიამ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან შეხვედრას სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულების დირექტორი დაესწრო.