ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს , რომელიც წლებია სხვა ქვეყნის ოპოზიციასთან მის ურთიერთობას და კავშირებს ეხება.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ თარგამაძის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას, ამასთან დაკავშირებით ეკა ბესელია სამართლებრივ განმარტებებს აკეთებს და საერთაშორისო კონვენციაზე მიუთითებს.
"როცა სამართლებრივი პრობლემები ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ დგება და იწყება მისი სამართლებრივი დევნა, ქართული კანონმდებლობა ევროპის კონვენციაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე თავად იღებს გადაწყვეტილებას სად უნდა აგოს პასუხი მისმა მოქალაქემ, თუკი სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება. ასე რომ, ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, შემდგომ ეტაპზე თუკი თარგამაძესთან მიმართებაში ასეთი სამართლებრივი პროცედურები წარიმართება. ეს კი მთლიანად იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის საქმეა. ამასთან, თუ არსებობს კითხვები და ჩვენ ხშირად გვესმის ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ბატონი თარგამაძე რაღაცა ფორმით ჩართული იყო სხვა ქვენის ტერიტორიაზე ოპოზიციასთან თანამშრომლობაში, მან ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, თარგამაძეს ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზება "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.