"ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის კონფერენცია ჩაიშალა. დელეგატები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ. კერძოდ, დარბაზთან შეკრებილი "ქართული ოცნების" წევრების ერთი ნაწილი , რომლებიც პარტიიდან ცოტა ხნის წინ გარიცხული ალექსანდრე ბერიძის მხარდამჭერები იყვნენ, აცხადებდნენ, რომ დღეს მათ კონფერენციაზე დასწრების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ისინი ამაში "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატის, ელზა ლეკვეიშვილის წარმომადგენლებს ადანაშაულებდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომელთაც შენობის შესასვლელთან დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული. ალექსანდრე ბერიძის მხარდამჭერები მოითხოვდნენ, რომ იმ 116 დელეგატს, რომლებიც პარტიის დაარსების დღიდანვე "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული, ყრილობაზე დასწრებისა და ახალი თავმჯდომარის არჩევის საშუალება მისცემოდათ.
მხარეებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციაზე დასასწრებად ადგილზე ჩასულები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, მათ შორის ნანა ყეინიშვილი, შოთა ხაბარელი, კარლო კოპალიანი. რამდენჯერმე ნანა ყეინიშვილი შეეცადა, რომ ალექსანდრე ბერიძის მხარდამჭერებთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. მან დაპირისპირებულ მხარეებს შესთავაზა, რომ კონფერენციას დასწრებოდნენ ძველი წევრები და მეორე მხრიდან 60 წევრი, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.
საბოლოოდ, მოლარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის კონფერენციაზე დასასწრები პირების ორივე სიას.
როგორც შოთა ხაბარელმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სპეციალური კომისია შეისწავლის ამ სიებს, რის შემდეგაც გაირკვევა, ვინ არის პარტიის ნამდვილი წევრი და ვინ არა. მისივე თქმით, პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და დღეს კონფერენცია აღარ ჩატარდება.