რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა არა ჟენევაში, არამედ ევროპის სხვა რომელიმე ქალაქში გაიმართება.
ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" 1-ელი მარტისთვის დაგეგმილი მორიგი შეხვედრის შესახებ საუბრისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ არ უნდა დაუშვას ჟენევის ფორმატის დასუსტება, რომელზეც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით განიხილება.
"ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და არ დავუშვათ მისი დაკნინება. რომ არ მოხდეს რუსეთთან დიალოგის თუნდაც ფსიქოლოგიური გაიგივება ჟენევის ფორმატთან, ბატონ კარასინთან ჩემი მორიგი შეხვედრა 1-ელ მარტს სხვა ევროპულ ქალაქში გაიმართება", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე
მისივე განმარტებით, გასული წლის 14 დეკემბერს კარასინთან გამართულ პირველ შეხვედრაზე განისაზღვრა საწყის ეტაპზე განსჯისა და თანამშრომლობის სფეროები, რომლის ჩამონათვალი ასეთია - სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარულ–კულტურული კონტაქტები. ტრანსპორტის სფეროში, საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე, ასევე სახმელეთო გადაზიდვებზე ყაზბეგი–ზემო ლარსის მარშრუტით.
აბაშიძის თქმით, მორიგ შეხვედრაზე მხარეები ასევე შეაჯამებენ, თუ რა წინსვლაა ვაჭრობის კუთხით, კერძოდ ჩვენი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თვალსაზრისით. შესაძლოა, განხილულ იქნეს აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობის ახალ მიმართულებებიც.