პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი ბარამიძეს ეამაყება, რომ ჰყავს ისეთი თანამებრძოლი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უპირისპირდება. ასე ეხმაურება ბარამიძე რუსი სამართალდამცავების მიერ გივი თარგამაძეზე გამოცხადებულ ძებნას.
გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ გივი თარგამაძეს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი მრავალ ქვეყანაში პატივისცემით მოიხსენიებს. მისივე თქმით, მხოლოდ მისასალმებელია, თუ რუსული დემოკრატიისთვის პუტინის სისხლიანი და ოკუპანტი რეჟიმის შესაცვლელად, კანონის ფარგლებში რამე გაკეთებულა. ,.
"რაც შეეხება შეთითხნილ ბრალდებას, ყველაფერი ნათელია. პუტინი ზოგადად საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის გუნდის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, თარგამაძეს ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზება "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.
"რუსეთის საგარეო უწყებიდან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ თარგამაძე არ სარგებლობს რაიმე სახის იმუნიტეტით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით", - განაცხადა მარკინმა.
უახლოეს მომავალში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თარგამაძის წინასწარ პატიმრობაზე იშუამდგომლებს.