კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის განცხადებით, როგორც კი დაიწყო საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი, მაშინვე გამკაცრდა პოზიციები ცხინვალსა და სოხუმში.
ამის შესახებ გოგი ხუციშვილმა ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. შეხვედრაზე განიხილება ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები, ა რომელიც მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ასევე საექსპერტო აზრს.
"შეიძლება ითქვას, რომ არის ძირითადი თანხვედრა პოზიციებში, რომელიც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას და რეინტეგრაციის სამინისტროს ახალ შემადგენლობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ მეტი კომუნიკაცია იყოს აფხაზებთან და ოსებთან და იყოს ახალი საშუალებები დაპარაკების, მეტი ნდობის ჩამოყალიბების. ამას ხელი უნდა შეუწყოს საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე პროცესმა. ამ მიმართულებითაც ჯერ პირველი ნაბიჯები იდგმება, თუმცა უკვე ჩანს, რომ პროცესები გადაჯაჭვულია თუნდაც იმით, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი როგორც კი დაიწყო, მაშინვე გამკაცრდა პოზიციები ცხინვალსა და სოხუმში", - განაცხადა გოგი ხუციშვილმა.
მისი თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალში ჰგონიათ, რომ შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის რაიმე ფარული გარიგება ხდება, რომელიც მათზე აისახება. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ მოსკოვი თავის მხრივ ცდილობს დაარწმუნოს ისინი - მსგავსი არაფერი ხდება.
"სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ არც ვაპირებთ, რომ მათ ზურგს უკან რაიმე გარიგებები გვქონდეს მოსკოვთან", - დასძინა გოგი ხუციშვილმა.