საოლქო პროკურატურაში ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის დაკითხვა დასრულდა, რომელიც დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც პროკურატურიდან გამოსულმა კირკიტაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს ძალიან სამწუხარო რამ შეიტყო, კერძოდ, ის, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს დასაქმების პროგრამა, რადგან მიიჩნევენ - დასაქმების პრობლემა უკვე მოაგვარეს საქართველოში. კირკიტაძის თქმით, ხელისუფლების წევრებმა წარმატებით დაასაქმეს თავიანთი ოჯახის წევრები, მეუღლეები, შვილები, ნათესავები.
კირკიტაძის განცხადებით, გამოძიებასთან მასთან შეკითხვები ჰქონდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, აინტერესებდათ, რა საქმიანობას ეწეოდნენ სოციალური აგენტები, რა ფორმით ადგენდნენ სიას და რა მიზნით დგებოდა ეს სიები.
"მე ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვიყავი მოტივირებული და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომ მოსახლეობა დასაქმებულიყო. პირველ ეტაპზე შექმნილიყო ბაზა, მომხდარიყო ამ ბაზაში გაერთიანებული ადამიანების გადამზადება და მომავალში მათთვის შეგვექმნა სამუშაო ადგილები", - განაცხადა კირკიტაძემ.
მისივე თქმით, გამოძიებას შეუძლია, ბრალდებაშ ი ათასი სისულელე ჩაწეროს, მაგრამ ფაქტია - ათასობით ადამიანი დადიოდა, ადგენდა სიებს და ცდილობდა, რომ სამუშაოს მაძიებლებს სამსახური ჰქონოდათ.
კირკიტაძის განცხადებით, თუ შეკითხვები კიდევ ექნება გამოძიებას, მზად არის ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას.