რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბრალდებულად ცნო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, - ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის ინფორმაციით, თარგამაძეს ბრალად ედება რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზება "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.
"რუსეთის საგარეო უწყებიდან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ თარგამაძე არ სარგებლობს რაიმე სახის იმუნიტეტით სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით", - განაცხადა მარკინმა.
უახლოეს მომავალში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თარგამაძის წინასწარ პატიმრობაზე იშუამდგომლებს.
გამოძიების ვერსიით, რუსი ოპოზიციონერები სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინე ლებედევი გივი თარგამაძეს არეულობების დაფინანსებაზე შეუთანხმდნენ. მათივე განმარტებით, შეხვედრა 2012 წლის ივნისში შედგა.
მათი საუბარი, რომელიც ფარული კამერით არის გადაღებული, გადაცემა "პროტესტის ანატომიაში" აჩვენეს. გამოძიებამ ჩანაწერი სარწმუნოდ მიიჩნია, თარგამაძე კი ირწმუნებო და, რომ რუს ოპოზიციონერებს არ იცნობს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გივი თარგამაძე 6 მაისს "ბალოტნაიას მოედანზე" პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების ორგანიზებაში "კონკრეტულ როლს" ასრულებდა. რუსეთში მასობრივი არეულობის ორგანიზება და "ბალოტნაიას საქმე" ამ ეტაპზე გაერთიანებულია. საქმეში 20-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს.