"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მომზადებულ 14-პუნქტიან დოკუმენტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან განიხილავენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ისინი დოკუმენტთან დაკავშირებით არასამთავრობოების პოზიციებითა და ხედვებით დაინტერესდებიან.
"ჩვენ ამას განვიხილავთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან, გვაინტერესებს მათი ხედვები, ვინაიდან ჩვენ გავქვს უმრავლესობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით რამდენიმე წუხილი. მაგალითად, პირველი წუხილი ის ჩანაწერია, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემათა ნუსხაში, რომელიც არის რუსეთთან და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობა მოუწოდებს ჩვენს მეგობრებს, არ დასვან საქართველოს დეოკუპაციის საკითხი რუსეთთან ურთიერთობაში, ანუ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ იყოს, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ ჩვენ ვრჩებით რუსეთთან პირისპირ და მოსკოვი ამას გამოიყენებს საკუთარი ინტერსებისთვის – თავისი გავლენის სფეროს კიდევ უფრო გაფართოებისთვის", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა .
მისივე განმარტებით, დოკუმენტთან მიმართებაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა "მეორე წუხილი" არის ის ჩანაწერი, რომლითაც საქართველო სტრატეგიული მოთამაშე არ უნდა იყოს.
"მე ყველას შევახსენებ, რომ დღევანდელ მსოფლიოში პატარა სახელმწიფო, მით უმეტეს, რუსეთის მეზობელი, თუ სტრატეგიული მოთამაშე არ გახდება, მის მიმართ ინტერესი იქნება ნაკლები. ეს კიდევ ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს", - აღნიშნა მინაშვილმა.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, უმცირესობისთვის მიუღებელია ისიც, რომ 14-პუნქტიან შეთავაზებაში სიტყვა დეოკუპაცია მხოლოდ ერთხელაა ნახსენები.
"ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი, რაც არასწორი გზავნილია რუსეთისთვის", - დასძინა დეპუტატმა.
აკაკი მინაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" პრინციპული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრას.